ომბუდსმენი: არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ომბუდსმენი აღნიშნავს იმასაც, რომ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს.
“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო ს ამომრჩეველთა სიაში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს”- ნათქვამია განცხადებაში.
***

26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.