სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 22 მაისს თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი ახალგაზრდა ქალი, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია მოინახულეს.
დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს.
“ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე. სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ქალები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი იზოლატორში მოინახულეს ადვოკატებმაც, გიორგი ტაბატაძემ და ლაშა ტყეშელაძემ.
ტაბატაძის ინფორმაციით, ალბი კორძაიას დაზიანებები აქვს. თუმცა, ორივე მხნედ გრძნობს თავს.
“ორივე მხნედ გრძნობს თავს და არიან საბრძოლო განწყობით. ალბის ხელებზე და ფეხებზე აქვს დაზიანებები. ასევე კისერზე. დაზიანებები მიაყენეს პოლიციელებმა. ჯანმრთელობისთვის სერიოზული არაფერია. თუმცა, პოლიციელების მხრიდან ჩადენილია სავარაუდო დანაშაული, რომელსაც წესით აწ უკვე თითქმის გაუქმებული სპეციალური საგამოძიებო უნდა იძიებდეს, მაგრამ კი იცით მათი ეფექტიანობის შესახებ. დღევანდელი დღის შეჯამება იქნება შემდეგი: ქართველი ქალები მოიგებენ ამ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ”.
