ომბუდსმენის ინფორმაციით, კეკელიძეზე, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 7 პირია დაკავებული

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კეკელიძის N1-ში გამოსახლების გაპროტესტებისას აქციაზე 7 პირი დააკავეს. სახალხო დამცველი თქმით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებისას აქტივისტებმა დაზიანებები მიიღეს.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლიან. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.
სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს:
„გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე“ ,— აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერთან, საიდანაც დღეს, 23 იანვარს, აღსრულების პოლიციამ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა, აქცია გრძელდება.
პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა კიდეც, თუმცა დაკავებულთა რაოდენობაზე „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ აწვდის [15:00]. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტებიც, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ