ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სადიგოვს წონის კლების გარდა სხვა სახიფათო მონაცემი არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს, 12 თებერვალს, მათმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ომბუდსმენის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, თბილისში, ციხეში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქე, გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მოინახულეს. აფგან სადიგოვი სრულ შიმშილობას აგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს. აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.
სახალხო დამცველის ცნობით, “ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება”.
აქვე ნათქვამია, რომ პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.
“სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით უკვე გამოითხოვა პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. სახალხო დამცველი განაგრძობს აფგან სადიგოვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.