ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ნაწილი არ ეთანხმება იოსელიანის შეფასებას პარლამენტის ლეგიტიმურობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 30-ზე მეტი თანამშრომელი აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ქვეყნის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უგულებელყოფით მოხდა. აპარატის თანამშრომლების განცხადებას წინ უსწრებდა ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის კომენტარი – მან თქვა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა.
„საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში…
25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
აპარატის 30-ზე მეტი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე ლევან იოსელიანის მისვლით ზიანი ადგება ომბუდსმენის ინსტიტუტს.
„ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“.
განცხადებაზე ხელმომწერები არიან ანი სალდაძე, ეკა მამრიკიშვილი, ელენე ჩავლეშვილი, ევა ფაჯიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი ტყებუჩავა, გიორგი მელიქიძე, გიორგი ქაჯაია, გიორგი ჩარკვიანი, გიორგი ძაძუა, გვანცა ხარატიშვილი, ლარა ჯამარაული, ლიკა ბაციკაძე, ლიკა ღვინჯილია, ლევან პაპავა, მაკო არაბული, მარიამ თავდგირიძე, მარიამ მახარაძე, მარიამ მოსეშვილი, მერაბ დობორჯგინიძე, ნათია გორგილაძე, ნათია ფიცხელაური, ნათია საღრიშვილი, ნინო ათაბეგაშვილი, ნინო ბერიშვილი, ნინო ლეჟავა, ნინო შალამბერიძე, ნინო სულამანიძე, ნინო ვალიკოვი, სოფო რუსეცკი, თამარ გუგუტიშვილი, თამარ ოგანოვა, თამარ ხოხობაშვილი, თამთა პაპუაშვილი, თამუნა აბაზაძე, თინათინ თინიკაშვილი, ქეთი ხვედელიანი.
საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს, 26 ნოემბერს, თქვა ჟურნალისტებთან კომენტარში, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა.
„არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.
საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის ს შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული – ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი არ უნდა შეკრებილიყო, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებს არ განიხილავდა.
„თეორიულად უნდა დავუშვათ, რომ სასამართლომ შეიძლება დააკმაყოფილოს სარჩელი. დაკმაყოფილება ნიშნავს შედეგების გაბათილებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას – არჩეული პარლამენტი არ გვყავს. თუკი პარლამენტი თვლის, რომ მას შეუძლია ამ ფაქტის იგნორირება, მას უწევს მთავრობის ფორმირება, პრეზიდენტის არჩევა… სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, კოლაფსი იქმნება, როდესაც ქვეყანა რჩება ხელისუფლების გარეშე“, – თქვა ქეთევან ერემაძემ 21 ნოემბერს „ფორმულის“ ეთერში.