ომბუდსმენის ანგარიში აქციებზე – სამართალდამცველების მხრიდან რამდენიმე ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის სისასტიკის ხარისხი მათი დასჯის მიზნით ჩადენილ სავარაუდო წამებას უთანაბრდება

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 გაზაფხულსა და ზამთარში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა, დაკავებულთა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის სისასტიკის ხარისხი მათი დასჯის მიზნით ჩადენილ სავარაუდო წამებას უთანაბრდება.
ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წელი საპროტესტო აქციებზე უფლებების დარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო.
ომბუდსმენის განმარტებით, აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ.
„სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას. სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური. ლევან იოსელიანის განმარტებით, რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების ამოცნობაში. ამით, გამოძიებას, ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში. არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი. გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად. გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს. გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის, დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით. გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის არავინ არის. ასევე, დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან არაერთი ჟურნალისტი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და მათ ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.
„გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ. ზამთრის საპროტესტო აქციების დროს გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც მიუთითებდნენ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნებისა და შშმ პირის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. აქციების მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები. ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა. სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებამდე“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ლევან იოსელიანის განმარტებით, აქციის მონაწილეებისა და დაკავებულების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები თავისი ძალადობის ხასიათით, ხარისხით და ინტენსივობით არ არის მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და აშკარად მიუთითებს, რომ მსხვერპლების მიმართ ადგილი ჰქონდა სავარაუდო წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ქმედებებს.