ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადებას აზუსტებს და განმარტებას კომიტეტი Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
სეოკ-ის ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდიდან პირველად გავრცელებული საგანგებო განცხადება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა წაიშალა.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ შეზღუდვა არ ეხება ქომაგების, ანუ პირადი მიზნებისთვის და ასევე მედიის მხრიდან საინფორმაციო მიზნებისთვის ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას.
„საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, პირველ რიგში, მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოს წარმომადგენლებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ქომაგობენ და განმარტავს, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადება, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მათზე.
აღნიშნული განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს: საზოგადოების ინფორმირებას, რომ ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება მოგების მიღების, კომერციული ან სარეკლამო მიზნებისთვის, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნებართვას.
ოლიმპიური კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განცხადება არ ეხება ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით მედია-საშუალებების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური რეკვიზიტები ეკუთვნის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
ოლიმპიური რეკვიზიტების სტატუსი და მათი გამოყენების წესი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრულია ოლიმპიური ქარტიით, რომელიც ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებისათვის ითვალისწინებს ნებართვას.
ადგილობრივი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივ დონეზე უზრუნველყონ ოლიმპიური ქარტიის დებულებებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინტერესების დაცვა“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

სოფო ჯაფარიძე – მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ