ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენების ფასი 70 000 ლარია – რატომ და რას მოიცავს პარტნიორობა?

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად დღეს, ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე გაიხსნება. ოლიმპიური მედლებისთვის დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 10 500, მათ შორის 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური რეკვიზიტების, დროშის, ემბლემის, გრაფიკული გამოსახულებების თუ სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენება კომერციული და სარეკლამო მიზნებისთვის აკრძალულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რომელიც აღნიშნული სიმბოლიკის ექსკლუზიური მფლობელია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიას სარეკლამო/საიმიჯო მასალებში ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება დასჭირდება, ამისთვის კომპანიამ შეთანხმებას სეოკ-თან უნდა მიაღწიოს და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვოს.
BM.GE დაინტერესდა, რა დაუჯდებათ ქართულ კომპანიებს ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება საკუთარ მარკეტინგულ მასალებში და შესაბამისი კითხვით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. მათი ინფორმაციით, ორგანიზაციებისთვის სეოკ-თან პარტნიორობის საფასური 70 000 ლარია, ოლიმპიური სავაჭრო ნიშნებით სარგებლობა კი პარტნიორ კომპანიას 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე შეეძლება.