პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე გაიხსნა. ოლიმპიური მედლებისთვის დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 10 500, მათ შორის 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური რეკვიზიტების, დროშის, ემბლემის, გრაფიკული გამოსახულებების თუ სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენება კომერციული და სარეკლამო მიზნებისთვის აკრძალულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რომელიც აღნიშნული სიმბოლიკის ექსკლუზიური მფლობელია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიას სარეკლამო/საიმიჯო მასალებში ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება დასჭირდება, ამისთვის კომპანიამ შეთანხმებას სეოკ-თან უნდა მიაღწიოს და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვოს.
BM.GE დაინტერესდა, რა დაუჯდებათ ქართულ კომპანიებს ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება საკუთარ მარკეტინგულ მასალებში და შესაბამისი კითხვით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. მათი ინფორმაციით, ორგანიზაციებისთვის სეოკ-თან პარტნიორობის საფასური 70 000 ლარია, ოლიმპიური სავაჭრო ნიშნებით სარგებლობა კი პარტნიორ კომპანიას 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე შეეძლება.
რას მოიცავს პარტნიორობა?
საპარტნიორო შეთანხმება ორგანიზაციას ანიჭებს უფლებამოსილებას:
· სეოკ-ის ემბლემა, დროშა თუ სხვა სიმბოლიკა და რეკვიზიტები, სეოკთან წინასწარი შეთანხმებით, განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე, სოციალური ქსელის სხვა პირად გვერდებზე, პროდუქციაზე ან/და მარკეტინგულ ატრიბუტიკაზე;
· პარტნიორის შესახებ ინფორმაცია და მისი ლოგო თუ სხვა რეკვიზიტები, სეოკთან წინასწარი შეთანხმებით, განათავსოს სოციალურ ქსელში წარმოდგენილ სეოკის ვებ-გვერდებზე;
· ოლიმპიური ღონისძიებების და მათში მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრების/სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია, ჩართოს საკუთარ მარკეტინგულ თუ სარეკლამო აქტივობებში, რომელიც ფოტო, ვიდეო, აუდიო ან წერილობითი მასალის მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით;
· ოლიმპიურ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრები/სპორტსმენები ინდივიდუალურად თუ გუნდურად) ჩართოს საკუთარ მარკეტინგულ თუ სარეკლამო აქტივობებში (მათ შორის, დააჯილდოოს ისინი მის მიერ დაწესებული პრიზებით), რომელიც ფოტო, ვიდეო, აუდიო ან წერილობითი მასალის მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (ტელევიზია, რადიო, სოციალური მედია, სოციალური ქსელი და სხვა);
· ზემოაღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობის ფარგლებში გამოიყენოს სიტყვები: „ოლიმპიური“, „ოლიმპიადა“, „ოლიმპიური თამაშები“ და „პარიზის ოლიმპიური თამაშები“.
ვინ ადგენს საპარტნიორო პირობებსა და ტარიფებს?
BMG ასევე დაინტერესდა, ვის ადგენს საპარტნიორო პირობებსა და პარტნიორობის საფასურს. როგორც ოლიმპიური კომიტეტის იურისტმა, თეიმურაზ ბიგვავამ განგვიმარტა, ოლიმპიური ნიშნები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკუთრებაა და მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების პირობებს იგი თავად ადგენს. მისივე თქმით, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს ამ საკითხის მონიტორინგი, საზოგადოების ინფორმირება და ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა ევალებათ.
“ეს წესი არ ეხება არც პირად გამოყენებას და არც საინფორმაციო მიზნით გავრცელებას”, – აღნიშნავს ბიგვავა.
რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ეროვნულ კომიტეტში განგვიმარტავენ, პარტნიორობის საფასური ეროვნული კომიტეტების მიერ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით დგინდება.
როგორია საერთაშორისო მიდგომა?
ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ ოლიმპიური სიმბოლიკა ინტელექტუალური საკუთრების (Intellectual Property) უფლებით საერთაშორისო დონეზეა დაცული, რის მონიტორინგსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ახდენენ.
“IP უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობები უზრუნველყოფს, რომ ოლიმპიური სიმბოლიკის ნებისმიერი სახით სავაჭრო ბაზარზე გამოყენება, ნებადართული იყოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს შემდეგ აღნიშვნებზე:
· ოლიმპიური თამაშები
· ოლიმპიადა
· ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები
· ოლიმპიური ჩირაღდანი
· ოლიმპიელი
· “სწრაფად, მაღლა, ძლიერად – ერთად”
· Paris 2024
· Milano Cortina 2026
· LA28
ასევე, სოკ-ის ინტელექტუალური საკუთრებაა: ნიშნები, ემბლემები, მასკოტები, ჩირაღდნები, პოსტერები, პიქტოგრამები, ვიდეო და ფოტო კადრები ოლიმპიადიდან.
ამასთან, ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება წინასწარი შეთანხმების გარეშე, ნებადართულია საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვა არაკომერციული მიზნებისთვის.
სოკ-ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია ოლიმპიური ნიშნების პოლიტიკური და რელიგიური მნიშვნელობის ნიშნებთან ერთად გამოყენებაც.
წყარო: BM.GE