ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ქრისტიანებს ბოდიში მოუხადეს

პარიზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ბოდიში მოუხადა კათოლიკეებსა და სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს, რომლებმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთი სცენა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.
კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა ლიდერებმა ოლიმპიადის ორგანიზატორები გააკრიტიკეს სცენის გამო გახსნის ცერემონიალიდან, რომელშიც ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი ბარბარა ბუჩი, მონაწილეობდნენ ხოლო მის უკან დრეგ ქვინები ცეკვავდნენ.
მოგვიანებით, სცენაში გამოჩნდა ლურჯად შეღებილი მამაკაცი, რომელიც ღვინის ღმერთ დიონისეს განასახიერებდა ბერძნული მითოლოგიიდან. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ტრანსგენდერი მოდელებიც. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული სცენა ვიზუალურად ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობას” ჰგავდა.
„რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა არ განგვიზრახავს. გახსნის ცერემონიალის წარმოდგენები საზოგადოების ტოლერანტობის წარმოსაჩენად და აღსანიშნავად იყო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. თუ ხალხი განაწყენდა, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ, ”- თქვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე.
გახსნის ცერემონიალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა თომას ჟოლიმ თქვა, რომ ის არ აპირებდა რელიგიით მანიპულირებას და ვინმეს განაწყენებას.
„ჩემს ნამუშევრებში ვერასოდეს იპოვით ვინმეს დაცინვის ან შეურაცხყოფის სურვილს. მრავალფეროვნებაზე გვინდოდა საუბარი. ტოლერანტობა ნიშნავს ერთად ყოფნას”- თქვა მან.
ჟოლიმ განმარტა, რომ სცენა, რომელიც უკმაყოფილების მიზეზი გახდა, შთაგონებული იყო ბერძნული მითოლოგიის ღვინის ღმერთის დიონისეს წვეულებით და არა ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობით”.
”იდეა იყო დიდი წარმართული დღესასწაული, რომელიც დაკავშირებული იყო ოლიმპოს ღმერთებთან,” – თქვა მან.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური თამაშები სწორედ საბერძნეთიდან იღებს სათავეს.
საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ცერემონიალით, რადგან ის „მოიცავდა სცენებს, რომლებიც დასცინოდა ქრისტიანობას“.
კათოლიკე არქიეპისკოპოსმა მალტაში, ჩარლზ სციკლუნამ, საფრანგეთის ელჩს წერილი მისწერა და დააფიქსირა უკმაყოფილება “არასაჭირო შეურაცხყოფის” გამო.
იტალიელ ეპისკოპოსთა კონფერენციაზე ითქვა, რომ ის, რაც ფრანგული კულტურის ზეიმი უნდა ყოფილიყო, „მოულოდნელად, იქცა შეცდომების აღლუმად, მოსაწყენი და პროგნოზირებადი იდეებით“.
მატეო სალვინიმ, იტალიელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა წარმოდგენას “სამარცხვინო” უწოდა. „ოლიმპიადის დაწყება მილიარდობით ქრისტიანის შეურაცხყოფით ძალიან ცუდი დასაწყისი იყო, ძვირფასო ფრანგებო“, – თქვა მან.
ოლიმპიადის ორგანიზატორები გააკრიტიკა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმაც.

ასევე დაგაინტერესებთ