საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონიალს და ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს.
„პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე გახლდათ. საქართველოს გუნდში წელს 28 ოლიმპიელია, მათგან 7 – ქალი.
სულ, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობს 206 ქვეყნის ათი ათასზე მეტი სპორტსმენი, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან 32 სახეობასა და 48 ქვესახეობაში. პარიზმა ოლიმპიურ თამაშებს უკვე ორჯერ უმასპინძლა, 1900 და 1924 წლებში. ზამთრის თამაშები საფრანგეთში ასევე სამჯერ, 1924, 1968 და 1992 წლებში ჩატარდა.
წელს პარიზში ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და იქნება 33-ე ოლიმპიური თამაშები. მასში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
წელს სახელმწიფო ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს.