წლების განმავლობაში ჩრდილოეთ პარიზის პორტ დე ლა-შაპელის უბანი დანაშაულთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა.
პარიზის ოლიმპიადის პარალელურად საფრანგეთის დედაქალაქში ურბანული განვითარების ამბიციური გეგმა წარმოადგინეს.
უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უბანში უფრო მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
პორტ დე ლა შაპელის 8000-ადგილიანი არენა ერთადერთია, რომელიც პარიზში ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. აქ ბადმინტონისა და რიტმული ტანვარჯიშის შეჯიბრებებს უმასპინძლეს. ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გამზირს დაემატა ველობილიკები. ადგილი მცენარეებითაც გამწვანდა.
„აქ არის ულამაზესი გზები და გამწვანებაა. ამან ჩვენი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა. ადრე აქ სეირნობა ძალიან რთული იყო. ახლა კი ორ ბენზინგასამართ სადგურს დემონტაჟი გაუკეთეს. ეს ყველაფერი მართლაც მშვენიერია,“ – ამბობს მოსახლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჟან-მიშელ მეტაიერი
თუმცა მოსახლეობა და ბიზნესმფლობელები შიშობენ, რომ პარალიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.
„აქ პოლიციის დამატება ძალიან წარმატებული გამოდგა. იმედი მაქვს, რომ ეს შენარჩუნდება. თუმცა ვშიშობ, რომ ეს ასე არ გაგრძელდება. ოლიმპიადამ სტიმული მოგვცა, მაგრამ საფრანგეთში ეს ნორმალურია. სამწუხაროდ, ისინი პირველ რიგში ჩვენზე, მოსახლეობაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ ოლიმპიადაზე“, – ამბობს ადგილობრივი ბარის მფლობელი, ფარიდი.
ოლიმპიადის დაწყებამდე, უბნის ეს ნაწილი ნარკომომხმარებლების თავშეყრის ადგილად იყო ცნობილი. 2020 წელს აქ ყოველდღიურად დაახლოებით 300-მდე ნარკომომხმარებელი იკრიბებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქალაქის მმართველობას ოლიმპიური თამაშების წინ “სოციალურ წმენდაში” ადანაშაულებენ. ისინი პარიზის მთავრობას ბრალს დებენ 5200-მდე ადამიანის, მათ შორის მიგრანტების, ნარკომომხმარებლებისა და სექსმუშაკების გადასახლებაში. ბრალდებას ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”