პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, ამავე დროს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მეუღლის, კოტე იოსელიანის საჯარო ბოდიშს ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟისადმი.
„რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტებისთვის საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება – კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა“, – წერს გიგა ბოკერია ფეისბუკზე.
მისი განცხადებით, საჯარო მონანიება ხელისუფლების ოპონენტისგან, რაც საზოგადოებამ იხილა, უდავოა და საკმარისია „დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე“, – „რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შსს-სგან“.
„ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ძალაუფლების მქონე პირთაგან ოპონენტების ასეთი ამაზრზენი მეთოდებით დევნა“, – აცხადებს „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი.
წინა დღეს, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა, – რომელიც საჯარო სივრცეში ფაქტობრივად აღარ აქტიურობს, – ფეისბუკზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც მეორედ მოიხადა ბოდიში 2018 წლის საჯარო განცხადებაზე.
კერძოდ, კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომელშიც ის მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოს კაცს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე.
ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
დღეს დილას, 9 ივნისს, იოსელიანის მეუღლემ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ქმარი რამდენიმე საათის განმავლობაში „გატაცებული იყო“ და ხელმეორე ბოდიში ზეწოლის შედეგია.
„მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – თქვა ბოკუჩავამ.
„ქართულ ოცნებაში“ იოსელიანისა და ბოკუჩავას ბრალდებებს „უნიჭო სპექტაკლი“ უწოდეს.
კოტე იოსელიანი პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი“, – დღეს ფეისბუკზე ის ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს.
„მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია“, – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი კოტე იოსელიანისა და თინა ბოკუჩავას განცხადებებს.
ფორუმი
