„თქვენ არ გაქვთ კარტები“- ეს არ არის დამამცირებელი განცხადება. ეს ნიუ-იორკელი ბიზნესმენის ჟარგონია – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინას კარტები არ აქვს“.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადად გამოიყურება, თუმცა ის ბიზნესმენია და ამ პროფესიის ადამიანებს მსგავსი განცხადებები და ქმედებები ახასიათებთ.
„ახალი პრეზიდენტი – შეერთებული შტატების ახალი და ყოფილი პრეზიდენტი ერთდროულად – დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადად გამოიყურება, მაგრამ ის ბიზნესმენია. ის ბიზნესმენია ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან. მათ განსაკუთრებული სტილი და ლექსიკა აქვთ და როდესაც ისინი იყენებენ ფრაზას „თქვენ არ გაქვთ კარტები“, ეს არ არის დამამცირებელი განცხადება. ეს ნიუ-იორკელი ბიზნესმენის ჟარგონია, განსაკუთრებით ბრუკლინიდან, რადგან ნიუ-იორკში ცხოვრებისას ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლები არგუმენტი გაქვთ, ვიდრე თქვენს კოლეგას,“ – განაცხადა მან.
ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული აშშ უკრაინის მიერ ოპერაცია „ობობას ქსელის“ დაგეგმვის შესახებ, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს რუსეთ-უკრაინას შორის მომლაპარაკებელს და არა უკრაინის პარტნიორს უწოდებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა გადასცეს მსგავსი ინფორმაცია კიევმა მომლაპარაკებელს.
„როდესაც შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ოვალურ კაბინეტში ძალიან ცნობილი შეხვედრის დროს, შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავი შუამავლად მოიხსენია. მან ეს როლი აირჩია. მე ამას ვეთანხმები, მაგრამ თუ მან ორ მხარეს შორის შუამავლის როლი აირჩია – ორ კონფლიქტურ მხარეს შორის – რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, რომ რაიმეს გაკეთებას ვაპირებთ?“ – განაცხადა მან.
