მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა (WBA, WBO, WBC, IBO ვერსიებით), უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაიანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჩუქა ჩემპიონის ქამარი ((WBC ვერსიით), რომელიც მან ტაისონ ფიურისთან ბრძოლაში მოიპოვა 2024 წლის 19 მაისს.
”ეს არის ნამდვილი ქამარი, რომელიც წავართვით ჩვენს მსუქან ლონდონელ მეგობარს. ორიგინალია, მინდა რომ თქვენთან დარჩეს. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ მის მოსაპოვებლად. ვწუხვარ, რომ იმ ჩემი მეგობრის ფოტო არ არის, რომელიც მე ვცემე, მაგრამ აქ არც უნდა იყოს. სამაგიეროდ ჩემია. აქ არის ის, ვინც დააარსა ეს ქამარი, მუჰამედ ალი, სულეიმანი, მეივეზერი. და რაც მთავარია, 2018 წლიდან აქ მთავარი დროშა ჩვენია“, – უთხრა სპორტსმენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.
პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის უხერხულია ასეთი საჩუქრის მიღება, თუმცა მოკრივე დაჰპირდა მას, რომ მალე კიდევ ერთ ქამარს მოიგებდა.
მოკრივე ოლექსანდრ უსიკსა და მოფარიკავე ოლგა ხარლანს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. სპორტსმენებმა ასევე მიიღეს უკრაინის პრეზიდენტის საპატიო ჯილდო – “უკრაინის ეროვნული ლეგენდა”.
2024 წლის 19 მაისს ოლექსანდრ უსიკმა ტაისონ ფიურის დამარცხებით ყველა საჩემპიონო ქამარი გააერთიანა. უკრაინელ მოკრივეს დღემდე ყველა, 22 ბრძოლა აქვს მოგებული.
„ყველაზე ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი გამარჯვება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის. ასევე იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა უკრაინას იცავენ. ბოლო დღეებში ჩემს გამო ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობდა და ამისთვის მადლობელი ვარ. ყველა მიყვარხართ!! ვფიქრობ, ახლა ამ ყველაფერს მამაჩემი უყურებს და უსაზღვროდ ბედნიერია“, – განაცხადა ოლექსანდრ უსიკმა საჩემპიონო ბრძოლის დასრულების შემდეგ.
წყარო: რადიო თავისუფლება