ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადებიან

ოკუპირებული ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. მათი მთავარი დავალებაა, უზრუნველყონ ს ფედერაციის საპრეზიდენტო ს დროს მაქსიმალური უსაფრთხოება. შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, 11 მარტს გამართულ საგანგებო თათბირზე გასცა. ოსური მედიის ცნობით, ალან გაგლოევთან გაფართოებულ შეხვედრას ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოსახლეობას კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობისკენ და ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა და ამის გამო საარჩევნო უბნები ოკუპირებულ რეგიონშიც იხსნება ხოლმე. დე ფაქტო ხელისუფლება მხარს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უჭერს და იმავეს მოუწოდებს მოსახლეობას.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ არჩევნების ჩატარებას. მე განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო რაიონების ხელმძღვანელებს: თუ ტრანსპორტის პრობლემაა, რაც შეიძლება მალე წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები, რომ ყველა საკითხი მოვაგვაროთ. ყველაზე მჭიდრო ურთიერთქმედება დამყარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის საელჩოს შორის სამხრეთ ოსეთში ყველა საკითხისა და პრობლემების გადასაჭრელად“, – ციტირებს გაგლოევის სიტყვებს მისივე პრესსამსახური.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 6 – ქალაქ ცხინვალში იქნება, ხოლო 5 – რაიონებში. დე ფაქტო რესპუბლიკაში დაახლოებით 30 ათასამდე ამომრჩეველია. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში ჩატარდება 15-იდან 17 მარტის ჩათვლით.
გაგლოევის მიერ გამართულ საგანგებო თათბირზე ისიც ცნობილი გახდა, რომ 12 მარტს, 12:00 საათზე, ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. დე ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას აქციაში აქტიური მონაწილეობისა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.