ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს

ოკუპირებული ჯავის და ზნაურის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილი რჩება. 6 თებერვლის დიდთოვლობამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, გაუწმენდავი გზების გამო გართულებულია გადაადგილება.
ოკუპირებულ ჯავის რაიონში საბინაო და კომუნალური სამსახურების თანამშრომლები უკვე მეორე დღეა მუშაობენ სოფლებისკენ მიმავალი გზების გასაწმენდად – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს კომუნალური სამსახურის უფროსმა გემირ სანაკოევმა.
მისივე თქმით, სოფლების უმეტესონოსკენ გზა უკვე გაიწმინდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის გარე სამყაროსგან მოწყვეტილი სოფლები.
“სოფელ ედისში უკვე მეორე დღეა ერთი ერთეული ტექნიკა მუშაობს. იქ გზის გაწმენდის სამუშაოები ხვალ დასრულდება. სოფელ როკისკენაც ერთი ტრაქტორი მუშაობს. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, რომლებიც მოწყვეტილია”, – განაცხადა სანაკოევმა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ცხინვალის ზნაურისა და ჯავის ნაწილს. ქარბუქმა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა. ადგილობრივმა ენერგეტიკოსებმა 7 დაზიანება აღმოაჩინეს. სოფელ ხეთაგუროვოსთან დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა. ადგილობრივი ენერგეტიკოსები მის შეკეთებას ხვალისთვის გეგმავენ.
ოსური მედიის ცნობით, სამშაბათს ოკუპირებული ცხინვალის სკოლები და ბაღები დახურეს. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო გათბობის სისტემა გაითიშა. ცხინვალის რაიონის კომუნალური სამსახურის უფროსმა რადიონ ხუბეჟოვმა განაცხადა, რომ ახლა მთელი ტექნიკა გზების გასაწმენდად არის მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ