ისრაელელი სამხედროები რამალაში, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ალ ჯაზირას ოფისში შევიდნენ და მისი დახურვის ბრძანება გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ალ ჯაზირა და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ალ ჯაზირამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ისრაელელი სამხედროები მათ ოფისში შევიდნენ. ამავე ვიდეოში ისმის ხმა, რომელიც ბიუროს ხელმძღვანელისგან ოფისის დახურვას და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტას მოითხოვს. თანამშრომლებს მხოლოდ 10 წუთი მიეცათ იმისთვის, რომ პირადი ნივთები, კამერები აეღოთ და ოფისი დაეტოვებინათ. თუმცა მოგვიანებით მათ კამერების წაღების უფლება მაინც არ მისცეს.
ალ ჯაზირა რამალაში უკვე ათწლეულებია, რაც ფუნქციონირებს და იქაურობა ქსელისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა მაისში იერუსალიმში მათი ოფისი დახურა. მაშინ ეს ნეთანიაჰუს მხრიდან თავისუფალი პრესის შეზღუდვად შეფასდა.
მედიაქსელის ოფისი რამალაში ე.წ. A ზონაში მდებარეობს, რომელიც პალესტინის კონტროლქვეშაა ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, რითაც 1993 წლიდან პალესტინას შეზღუდული ავტონომია მიენიჭა. ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე კიდევ ორი ზონაა: B, რომელზე კონტროლიც საზიაროდ ვრცელდება პალესტინისა და ისრაელის მხრიდან და C ზონა, რომელიც მთლიანად ისრაელის დაქვემდებარებაშია მოქცეული.
CNN იუწყება, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მედიის ოფისსა და აღჭურვილობას დიდი ზიანი მიაყენეს.
ალ ჯაზირამ ისრაელელი სამხედროების ქმედება უსაფუძვლოდ და კრიმინალურ აქტად შეაფასა.
რამალას ბიუროს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ 45 დღის შემდეგ ბრძანება ალ ჯაზირას ოფისის ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, განახლდება.
თავისუფალი პრესის ასოციაციამ (FPA), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პრესას ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე, განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ეს ქმედება უკიდურესად პრობლემურია და ის უკიდურესი ზომა, რომელიც თავს ესხმის პრესის თავისუფლებას. FPA-მ მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.
თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, აკრიტიკებს ალ ჯაზირას, მას ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში და ჰამასის რუპორობაში სდებს ბრალს, რასაც ალ ჯაზირა არ იზიარებს.
ახალი ამბების ქსელი, რომელიც კატარშია დაფუძნებული, სისტემატურად აშუქებს ისრაელ-ჰამასის ომს ღაზის სექტორში. 7 ოქტომბრის შემდეგ, ალ ჯაზირას არაერთი ჟურნალისტი დაიღუპა და დაიჭრა ამ ომში.