დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე გალის „მილიციის“ სამი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა თავად დაიწყო. ამ დროისთვის ორი ე.წ. მილიციელი დაკავებულია.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში. კვეკვესკირი პროკურატურაში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ე.წ. პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, „მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა“.
„შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს. რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს – მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, კარმაიამ მარცხნივ, ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები“, – ნათქვამია დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრომ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ” გაათავისუფლეს.
„კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა“, – განაცხადა ე.წ. შსს-მ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ.
თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს.
11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც, თემურ კარბაიას ცემაზე არაფერი იყო ნათქვამი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.