ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისში რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
“ეს ხიდაშელი თვალით არასდროს მინახავს, ვოლსკი კი მხოლოდ მედიიდან ვიცი”, – თქვა კიუტმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან. გარდა ამისა, კიუტი ამბობს, რომ რკინიგზის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
“არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდი, მით უმეტეს მასთან”, – აღნიშნა კიუტმა.
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის დავით ხიდაშელისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეხვედრა 6 მარტს შედგა. პარტია დროას ინფორმაციით, ხიდაშელი ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.
პარტიაში ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, ასევე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. გარდა ამისა, პარტიაში აცხადებენ, რომ ხიდაშელმა საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც ახსენა.