ოკუპირებულ აფხაზეთში შამბა-ყოლბაიას საუბრის მიზანს “ბუნდოვანს” და “გაურკვეველს” უწოდებენ

ოკუპირებული ს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ონლან საუბარს სოხუმში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს.
ონლაინშეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. თანამოსაუბრეებმა მოკლედ მიმოიხილეს შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები.
დისკუსიის ორგანიზატორის, ვანო ჩოკორაიას შეკითხვაზე, სერგეი შამბამ უპასუხა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“ და „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას არ დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა რაიმე ფორმატში არ შეუძლია. ეს არ არის აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის დონე. მე გამიჩნდა კითხვა: არის თუ არა ეს დიალოგი სანქცირებული ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ? უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოხელე და მისი სიტყვები განიხილება როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალური ხაზის ასახვა. აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტმა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში წარადგინა, რომელიც მოიცავდა პუნქტს საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ამ საკითხს ჩვენი საზოგადოება პროტესტის ნიშნად გამოეხმაურა. საქმემ რესპუბლიკის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით ღია საპარლამენტო მოსმენამდეც მიაღწია. საბოლოოდ, პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი ადმინისტრაცია იძულებული გახდნენ მოეხსნათ აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელი ეს პუნქტი“, – განაცხადა თემურ გულიამ.
„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ლიდერ ასლან ბარციცი დარწმუნებულია, რომ არც “აფხაზეთში” და არც საქართველოში არ არსებობენ ერთობლივი კონტაქტების იდეის მხარდამჭერი ძალები, ამისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად და თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. მისი სიტყვებით საქართველოში „ გამრუდებული წარმოდგენა არსებობს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“.
„ისინი ისევ იქ არიან, საქართველოში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ა.შ. ასეთი გზავნილების ფონზე კონტაქტების ძებნა, ვფიქრობ, უსარგებლო იქნება“, – ამბობს ბარციცი.
მისი შეფასებით შამბასა და ყოლბაიას შორის საუბარი პირადი ხასიათის იყო და მისი მიზანი ბუნდოვანი და გაურკვეველია.
„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, – განაცხადა შამბამ ონლან დისკუსიისას.
მოგვიანებით, ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო, რომ სოხუმიდან თანამდებობის პირი დიალოგზე დათანხმება.
დისკუსიას გამოეხმაურნენ თბილისშიც. საქართველოს პარლამენტსი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ
პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, პაპუაშილმა ფორმატი არ დააკონკრეტა და თქვა, რომ ეს დროის საკითხია.