ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლებებია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს. წვრთნების მიმდინარეობას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა გაეცნო.
მან რეზერვისტთა შეკრების ზონებს, ე.წ. თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ ანუასთან, “გენერალური შტაბის უფროსთან”, ვლადიმირ სავჩენკოსთან და “უშიშროების საბჭოს მდივანთან”, რაულ ლოლუასთან ერთად ვერტმფრენითაც გადაუფრინა.
გუნბამ ტყვარჩელში ყოფნისას „ხაზი გაუსვა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისა და რთული მისიების წარმატებით შესრულებისთვის მზაობის მნიშვნელობას“, – იტყობინება პოლიტიკოსის პრესსამსახური.
“ომის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც კი, მოწინააღმდეგის აგრესიის საფრთხე კვლავ არსებობს. მათი რევანშისტული გეგმები არსად გამქრალა, მხოლოდ განსხვავებული, ჰიბრიდული ხასიათი შეიძინა. ამჟამად იქმნება „ახალი მსოფლიო წესრიგი“, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაცია, რასაც თან ახლავს მრავალი რეგიონული კონფლიქტის წარმოშობა და სამხედრო ძალის მზარდი მნიშვნელობა მათ მოგვარებაში. ამ ვითარებაში, ვიდრე ოდესმე, უფრო მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, მხარდაჭერა და გაძლიერება“, – თქვა მან წვრთნების მონაწილეებისადმი მიმართვისას.
გუშინ, 13 ოქტომბერს, გუნბამ ჩაატარა “უშიშროების საბჭოს” რიგგარეშე სხდომა, რომელზეც წვრთნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
“ძლიერი არმია, მაღალპროფესიონალი კადრები და მოქმედებათა კოორდინაციის საიმედო სისტემა მოქალაქეების მომავლისადმი ნდობისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვის გასაღებია“, – განაცხადა მან.
გასული კვირის ბოლოს, სოხუმში “თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დაარსების” 33-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა „ზომების განხორციელების შესახებ იმ სამხედრო ჯგუფების შესაქმნელად, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლებათ პრობლემების გადაჭრა და სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
“ჩვენ ვქმნით პროფესიონალურ არმიას, რომელიც შეესაბამება ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს”, – თქვა ვლადიმირ ანუამ.
ბევრი ექსპერტი, ვეტერანი და ოპოზიციის წარმომადგენელი აკრიტიკებდა “ს არმიის შესაძლებლობებს” და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი გაძლიერებისკენ მოუწოდებდა, მათ შორის დაფინანსების გაზრდის გზით. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ოკუპირებულ აფხაზეთს არ აქვს სრულფასოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
radiotavisupleba.ge