ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კომპანიის, Черноморэнерго-ს აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ჯინჯოლია ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდება 18 თებერვლამდე იქნება საკმარისი.
ამის შესახებ ჯინჯოლიამ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ენერგოუსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა.
“ექვსაათიანი გამორთვის გრაფიკით, რომელიც 8 იანვრიდან მოქმედებს, რუსეთის ფედერაციისგან სოციალური მიწოდება (327 მილიონი კვტ/სთ-ს მოცულობით) 18 თებერვლამდე იქნება საკმარისი. დეფიციტმა 170 მლნ კვტ/სთ შეადგინა და იმისთვის, რომ შემოდგომამდე გაძლებისთვისა და ენგურჰესის კაშხალში შემდინარე წყლების გადიდებისთვის, კიდევ 150 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია იქნება საჭირო”. – თქვა ჯინჯოლიამ.
ჯინჯოლია ვერ აკონკრეტებს, რა შეიძლება მოხდეს 18 თებერვლის შემდეგ, რადგან ენგურჰესი ელექტროენერგიის დეფიციტს ვერ დაფარავს.
“იქ [ენგურჰესის კაშხალში] წყალი მცირედ გროვდება, ყოველდღიურად 15-20 სანტიმეტრი ემატება. ნებისმიერ შემთხვევაში, წყალი, რომელიც შეგროვდება, ჩვენს დეფიციტს არ დაფარავს”. – თქვა ჯინჯოლიამ.
ჯინჯოლიას თქმით, აფხაზეთში მაინინგის ფერმები ყოველდღიურად 500 ათას კილოვატ ენერგიას მოიხმარენ, ამიტომ საჭიროა, რომ “ყოველ სახლში” გამორთონ.
“სხვა გამოსავალი არ არის. ყოველ სახლში დაკაკუნება, შესვლა და გამორთვა მოგვიწევს”. – თქვა ჯინჯოლიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მაინერებისთვის ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
“მოწყობილობების ჩამორთმევა და განადგურება არის საჭირო, და არა მათი საწყობებში შენახვა და ამისთვის კიდევ ფულის გადახდა. სახელმწიფო საკუთრების, განსაკუთრებით მსხვილი ოდენობით ელექტროენერგიის, პირდაპირი, გულწრფელი ქურდობა მიმდინარეობს და ეს ჩვენ გვაძლევს მიზეზს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობებს მივმართოთ”. – თქვა ბგანბამ.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც აფხაზეთის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ბადრი გუნბამ რუსეთის მთავრობას თხოვნით მიმართა, “რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიისსახით, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა”.
იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ნოემბრის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებოდა, ინფორმაცია თავდაპირველად ოქტომბერში გავრცელდა.
11 დეკემბერს კი, ელექტროენერგიის გაზრდილი შეზღუდვების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 17 დეკემბრამდე სასწავლო პროცესი შეაჩერა.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომისა და რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონის გაწვევის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს დაფინანსება თითქმის სრულად შეუწყვიტა.