ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, სამშაბათს საღამოს გაავრცელა განცხადება რუსეთთან დამაკავშირებელი გზის დაკეტვის შესახებ.
უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ამინდის გაუარესებისა და გზაზე ზვავის ჩამოწოლის გამო გზა რამდენიმე საათით იკეტება, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.
“ავტომაგისტრალზე მოძრაობა ორი საათით შეჩერდება, ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები ზვავსაშიშ ფერდობებზე სადაზვერვო სამუშაოებს ჩაატარებენ”, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამჟამად, როკის გვირაბის სიახლოვეს გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტების თქმით, გადაადგილება ცოტა ხანში შესაძლებელი გახდება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია.
ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

ასევე დაგაინტერესებთ