ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ლობჟანიძე ადგილობრივი მცხოვრები არ არის და იქ სტუმრად იყო ჩასული. ოკუპირებული ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება და თიღვის თემში შედის.
სუს-ის ინფორმაციით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზურაბ ლობჟანიძის უკანონოდ დაკავების შესახებ ცნობა 2 ივლისს გავრცელდა.
ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება, რომელთა გათავისუფლების საკითხის განხილვა, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაგრძელდება. შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.