თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („კა-გე-ბე“) ავრცელებს.
„მეარაყიშვილი ინფორმაციის გადაცემას ახდენდა პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო მოსამსახურეების, მათი დისლოკაციის ადგილისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ის ფარულად იწერდა საუბრებს ჩინოვნიკებთან (საიდუმლო ინფორმაციის მატარებელ პირებთან) შემდგომში კომპრომატებად გამოყენებისთვის, ინფორმაციის შესაგროვებლად და დივერსიული გეგმების განხორციელებისთვის მათთან ინტიმურ კავშირებს ამყარებდა“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებმა „სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით“ დაიქირავეს.
„თ.ა. მეარაყიშვილის ყველა ნაბიჯი კოორდინირებული იყო უცხოური დაზვერვის სამსახურების მიერ და მხოლოდ ქართული მხარის ინტერესებს წარმოადგენდა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მისი მრავალი კონტაქტი გამოავლინა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მ. მდინარაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პ. ზაქარეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ი. ალასანია, საქართველოს სპეცსამსახურების და სამთავრობო ორგანოების ბევრი სხვა წარმომადგენელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „მეარაყიშვილის დივერსიული საქმიანობის მეორე ეტაპი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, საკანონმდებლო და სამართალდამცავ ორგანოებში შეღწევას მოიცავდა“.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თამილა მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამზრახველებს პასუხისგებაში მისცემს“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.




