ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
როგორც გამოცემა წერს, ე.წ. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ოჯახს დასწრების უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
გუშინ სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი“. ასევე, სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“.
„ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილი ბრალდებებს უარყოფს და შიმშილობას განაგრძობს.