მოკლედ
- 19 მარტს რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ.
- დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ჩერტკოვმა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ქართულ კომპანია “George Oil Limited”-თან, რომელიც რუსული სააგენტოების მტკიცებით, “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”
“მე ახლა მაგათ წერილებიც მივწერე, თუ გინდათ დროზე გაინძერით, მე თურქები მყავს კლიენტები და ინდოელები და თუ იმათ სხვა ნახეს, აღარც თქვენი ნახშირი მინდა და არც არაფერი-მეთქი. ახლა მაგათზეა დამოკიდებული”, – ამბობს კომპანია “ჯორჯ ოილის” ქართველი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში.
ახლა კონკრეტული წინადადებების შემუშავების ეტაპია – საუბარია პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში მუდმივად გაიყიდება და ე.წ. დნრ-ს ეკონომიკურ პოზიციას გააძლიერებს – ამბობს დონეცკის დე ფაქტო მმართველი.
“ეს მხოლოდ დასაწყისია ორ რესპუბლიკას შორის ახალი სავაჭრო ურთიერთობებისა”, – წერენ რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები და ქართულ კომპანიას ენერგორესურსებით გამოცდილ მოვაჭრედ და ადგილობრივი ბაზრის დიდ მოთამაშედ წარმოაჩენენ.
„ჯორჯ ოილ ლიმიტედი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მათ შორის ენერგეტიკაში (არ აგვერიოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომელიც გაზის მოძიებითა და ტრანსპორტირებით არის დაკავებული). 2025 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს მრეწველებისა და მეწარმეების საერთაშორისო კონგრესთან, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ მიწოდებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კომპანიებთან.”
“კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”
“მოთამაშე არა ის, ანგარიშებზე არაფერი არ მაქვს. მოთამაშე ვიქნები, თუ რამე მომცეს კაი ფასში, რომ ვითამაშო – საერთოდ როგორ არის იცი, რამე ფირმას რო გახსნი, გონიათ აშენდაო. მოძრაობა თუ არ იქნა, დღეში გავხსნი 2 000 ფირმას, მარა რა მერე?“ – ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერიანე ქოჩიაშვილი, იმ ქართული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველთან გააფორმა ხელშეკრულება.
ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2025 წლის მაისში მოექცა, როცა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს და მის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კი ვიდეო ჩაწერა, სადაც პიტერ ფიშერს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.




