დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლებიდან ამ ფაქტს, რამდენიმე დღის წინ, მხოლოდ პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა არალეგიტიმურია, ეს ჩვენი მიწაა და უნდა დავიცვათ.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.