ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გამთენიისას რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა დაამტკიცა. ამის შესახებ მოქალაქეებს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შეატყობინა.
26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.
ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.
მანამდე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება „რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით“ განხორციელდა, რაც, მისი თქმით, „შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს, ასევე ვენის კონვენციას საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”.
რუსეთის ელჩი, მიხეილ შურგალი ამტკიცებს, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს მიწების გადაცემას, რომლებზეც არის ობიექტი განთავსებული.
“ტერიტორია იჯარით არის გაცემული 49 წლით. საკუთრებაში გადავა მხოლოდ შენობები, რომელთა მოვლა-შეკეთებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განახორციელებს”, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, “მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც არაერთხელ გამართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აგარაკში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან”.
2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.
ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.