ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.
გასულ დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა.
“ყველა ნერვიულობდა ამ სიტუაციის გამო, პარლამენტის დეპუტატებიც ძალიან წუხდნენ… დღეს მივიღეთ რიგი დელეგაციები, განვიხილეთ რიგი ვარიანტები ამ შეთანხმების მიღების, რათა რესპუბლიკისთვის უსაფრთხოება შეგვექმნა. პირველი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებული იყო კოორდინატებთან, რუსულმა მხარემ მიიღო და ჩვენც მივიღეთ ის. რჩებოდა “მესამე პირებთან” დაკავშირებული საკითხი. ჩატარდა შესაბამისი შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დოკუმენტზე კონსენსუსს მივაღწიეთ. ეს არის ცვლილებების შეტანა შესაბამის კანონში. ეს არის კანონი საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ, სამოქალაქო კოდექსი და სპეციალური კონსტიტუციური კანონი, რომელიც ეხება სწორედ სახელმწიფო დაჩის გადაცემას, სადაც მითითებულია, რომ თუ ობიექტი მესამე მხარეს გადაეცემა, ხელშეკრულება შეწყდება და საკუთრება აფხაზეთის რესპუბლიკას დაუბრუნდება”. – თქვა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ.
აშუბას თქმით, ამ კონსენსუსამდე მისვლის შემდეგ ე.წ. პარლამენტში შევიდნენ და საკითხის განხილვა დაიწყეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის, მიხაილ შურგალინის მტკიცებით, შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთისთვის მიწების გადაცემას და ის მხოლოდ აქ განლაგებულ ობიექტებზე ვრცელდება.
გასულ დღეებში ოპოზიციური მოძრაობები ითხოვდნენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას უკან გაეწვია ბიჭვინთის იჯარით გადაცემის, აპარტ-სასტუმროების სამართლებრივი სტატუსის რეგულირებისა და რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ შეთანხმების კანონპროექტები, რომლებსაც “ანტიეროვნულს” უწოდებდნენ. ოპოზიციური მოძრაობები “გადამწყვეტი მოქმედებებით” იმუქრებოდნენ.
აქამდე მარიონეტები ამბობდნენ, რომ რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში შეცდომა იყო დაშვებული სახელმწიფო აგარაკისა და აკვატორიის კოორდინატებთან დაკავშირებით. ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიან თქვა, რომ რუსეთმა კოორდინატები შეცვალა და ახალი დოკუმენტი გამოგზავნა.
2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.
ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.
გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.
2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.