ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დე ფაქტო უწყების შეფასებით 15 ნოემბერს „რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა“ იყო.
„მომხდარი დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე“.
განცხადების თანახმად, „პრეზიდენტი“ ალსან ბჟანია „რესპუბლიკაში იმყოფება და განაგრძობს ქვეყნის მართვას“
„მიიღება ყველა აუცილებელი ზომა სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის სტაბილური უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო საშტატო რეჟიმში მუშაობს“.
აფხაზურმა ოპოზიციამ უარყო ე.წ. პრეზიდენტის ალსან ბჟანიას წინადადება „ვადამდელი არჩევნების“ ჩატარების შესახებ, ბჟანიას წაუყენებს ულტიმატუმი 17 ნოემბერს დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია „დროებითი მთავრობის“ შექმნას აანონსებს.
მესამე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ ოპოზიციას ე.წ. სამთავრობო კომპლექსი აქვს დაკავებული და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.
15 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობდა.
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა.
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს.