ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიცია“ დროებითი „მთავრობის“ შექმნას გეგმავს და “სამთავრობო კვარტლის” ღობის დე ფაქტო საზღვარზე გადატანას აპირებს

პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის, – ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ს ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განუცხადა.
„თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან მოვაწყობთ დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“, – განაცხადა გულიამ.
მისი თქმით, „ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება“.
„ხვალ ორშაბათია, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ასე დავტოვოთ, რადგან ვფიქრობთ ხალხზე და სახელმწიფოზე, რომელმაც უნდა იცხოვროს ამისთვის საჯარო მოხელეებმა უნდა დაიკავონ თავიანთი სამუშაო ადგილი და იმუშაონ“, – აღნიშნა გულიამ.
აფხაზური ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარეშემო მოხსნილი ღობის განთავსებას აპირებს დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე.
ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სასაზღვრო სამსახური გავაფრთხილეთ, თუ საშუალება აქვთ, ყველაფერი ნაზად უნდა შეგროვდეს… ჩვენ ვაპირებთ ოფიციალურად გადავცეთ“ – თქვა კვარჩიამ.
15 ნოემბერს „რუსეთ- აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები.
დღეს 17 ნოემბერს კი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს, დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი.
ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნას აცხადებს, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები ე.წ. სამთავრობო კომპლექსს დატოვებენ, აქციის მონაწილეები კი მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი რადიო თავისუფლება