ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიაზე ხარჯების გაზრდისა და რუსული დაფინანსების შეჩერების შემდეგ, დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდა არ შეუძლიათ. Апсныпресс -ის ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ დელბამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განმარტა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს თვეებია ხელფასები სრულად არ აუღიათ, მიმდინარე თვე კი მათი ანაზღაურება ნაწილობრივადაც ვეღარ მოხდება.
დელბას თქმით, თუ აფხაზეთის დროებითი მთავრობა ელექტროენერგიის შესაძენი თანხების მოძიებას არ დაიწყებს, მაშინ ის პირდაპირ გააფრთხილებს საჯარო მოხელეებს, რომ ხელფასს ვერ მიიღებენ.
აქამდე აფხაზეთის ე.წ ფინანსთა სამინისტრო ხელფასებს რუსეთის დაფინანსებით იხდიდა, ბიუჯეტი წელიწადში 1.8 მილიარდი რუბლი იყო, თუმცა საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის ბიუჯეტის შევსებაზე უარი თქვა.
ელექტროენერგიის პრობლემები აფხაზეთში ნოემბრიდან დაიწყო, როცა ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო, ენგურჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა.
ცნობისთვის, აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ სწორედ ენგურჰესიდან მიეწოდება.
როგორც Черноморэнерго-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოქტომბერში განაცხადა, აფხაზეთს 260 კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი ჰქონდა. თემურ ჯინჯოლიას თქმით, კომპანია Интер РАО-თან ხელშეკრულება დაიდო, რომ 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მიეღოთ 60 მლნ. ნოემბერში და 120 მლნ. დეკემბერში). ელექტროენერგიისთვის მოსახლეობას კომერციულ ფასი უნდა გადაეხადა, თუმცა საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჯინჯოლიამ თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის, აფხაზეთის 2025 წლის ბიუჯეტში 13,145 მილიარდი რუბლია.