ვანო აბრამაშვილი, „კავკასიური სახლის“ სამშვიდობო პროგრამის ხელმძღვანელი, თბილისი
სულ რამდენიმე თვეში საქართველოში საპარალამენტო არჩევნები გაიმართება. მრავალი კონკრეტული საკითხისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიები, ალბათ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ახალს და კონკრეტულს კვლავ არაფერს იტყვიან. გარდა იმ ობიექტური გეოპოლიტიკური ბუნდოვანებისა, რასაც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია იწვევს, პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის ნაკლებად სთავაზობდა საზოგადოებას გრძელვადიან ხედვებს კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით, რაც უმეტესად, იმით აიხსნება, რომ ამ თემით რთულია რომელიმე მათგანმა მყისიერი პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. შესაბამისად, ეს საკითხი ქართული პარტიული ცხოვრების მთავარ პრიორიტეტებში ბოლო 15 წელია, თითქმის, აღარ შედის.
მართლაც, 2008 წლის აგვისტოს ომი მრავალი კუთხით იყო გარდამტეხი თანამედროვე საქართველოსთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო ეტაპი, როდესაც გამოაშკარავდა, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძალისმიერი მეთოდებით ვეღარ მოგვარდებოდა წმინდად სამხედრო პრაგმატული თუ უფრო აღმატებული მორალური მიზეზების გამო.
ამასთან, ეს იყო ეტაპი, როდესაც ამ რეგიონებს ოფიციალურად ეწოდა ოკუპირებული და შესაბამისი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმიც ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, ბოლო 15 წელია, რუსული ოკუპაციის ფონზე, რომელიც ქართველი ხალხის მტკიცე ნების საწინააღმდეგო მოვლენაა, ორი პარადოქსული ტენდენცია იკვეთება ჩვენივე საზოგადოებაში.
პირველი ტენდენცია ესაა ერთგვარი შემგუებლობა უფრო ბუნებრივი რეაქციის – რეზისტენტულობისა და გამოსავლის დაუსრულებელი ძიების ნაცვლად.
რაც შეეხება მეორეს, კონფლიქტური რეგიონების სულ უფრო მზარდი ოკუპაციის, ლამის ანექსიის პარალელურად ფესვს სულ უფრო ღრმად იდგამს შეხედულება, რომ დრო ქართული საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობს.
პირველი პარადოქსი, ანუ შემგუებლობა, გამოიხატება იმით, რომ პერიოდული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის მიხედვით ტერიტორიული მთლიანობის საკითხები მოსახლეობისთვის სტაბილურად ნაკლებსაინტერესო თემად გადაიქცა.
გარდა ამისა, აკადემიურ და მეინსტრიმ მედია სივრცეში მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები ანალიტიკური და სტრატეგიული მსჯელობის საგნად ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო არსებული სპონტანური და რეაქციული საჯარო განხილვები მწყობრი და საქმიანი არგუმენტაციის ნაცვლად ფსიქოზს უფრო წააგავს.
მეორე პარადოქსი, ანუ უსაფუძვლო გულხელდაკრეფილობა, ვლინდება იმ სახალხო წარმოდგენებში, რომ ოკუპაცია კონკრეტული ეპოქის, კონკრეტული გეოპოლიტიკური ვითარების ზედაპირული და ნაკლებად სანერვიულო გამოვლინებაა და ის ავტომატურად და მეტნაკლებად უკვალოდ ჩაივლის. საჭიროა მხოლოდ თმენა და ლოდინი ნიშნის მოგებით.
ეს პოზიცია უმეტესად ეყრდნობა ორ პარალელურ ლოგიკას.
პირველის მიხედვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია „პუტინის რუსეთის“ დასრულებისთანავე რაიმე ფორმით შესუსტდება, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ამ დაშვების გარდა დამატებით სხვა ტიპის სცენარის განვითარება აღარ განიხილება, რომელიც შესაძლოა პირიქით, სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას გულისხმობდეს.
აქვე, მეორე ლოგიკა გვკარნახობს, რომ დანარჩენი საქართველოს ევროპეიზაცია და ეკონომიკური განვითარება ავტომატურად მოიზიდავს დღემდე გაურკვეველი „აფხაზი და ოსი დებისა და ძმების“ კეთილგანწყობასა და თანაცხოვრების სურვილს.
თუკი პირველ პარადოქსს გარკვეული ახსნა გააჩნია, მეორე პარადოქსი მთლიანად გაყალბებულ რეალობას ეფუძნება.
სინამდვილეში კი რეალობა უფრო მძიმეა. ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ოკუპაციით გამოწვეული გაუცხოება იმდენად მზარდია, რომ ნებისმიერი დამწყები სოციოლოგისთვისაც ცხადია, რომ ეს უკვალოდ ვერანაირად ვერ ჩაივლის. ამაზე გაერთიანებული გერმანიის მაგალითიც უნდა მიგვითითებდეს, სადაც ლამის ყველა შიდა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მარკერები დღემდე ჯიუტად კვლავ ცივი ომის დროინდელ საზღვრებს მიუყვება.
მაშ, რა შეგვიძლია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ ადეკვატურად ვუპასუხოთ ისეთ მძიმე მოვლენას რომელსაც ოკუპაციას ვუწოდებთ?
ამისთვის საჭიროა გამოვიდეთ გაუცნობიერებელი კომფორტის ზონიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებთ თავს და დავიწყოთ მომავალზე ფიქრი იმის გაანალიზებით, თუ რას მოგვიტანს კიდევ ერთი ამგვარი 30 წელი მოუგვარებელი კონფლიქტების პირობებში ცხოვრება, გამაერთიანებელი ნარატივის შეთავაზების ნაცვლად დაუსრულებელი კამათი აფხაზებთან თუ ოსებთან ჭეშმარიტ აბორიგენობაზე და გაუთავებელი თვითვიქტიმაზაცია და დავფიქრდეთ იმაზე, თუ კონფლიქტის რომელი მხარის ინტერესებშია დღეს ეს ყოველივე.