ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ოთხ მაღაროელს, რომლებსაც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა ედებათ ბრალად.
ადვოკატები დაკავებულებისთვის 5 000-5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ. პროკურატურა კი მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა, რის გამოც პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას აყენებდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელით.
პოლიციამ ოთხი მაღაროელი 29 აპრილს ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად. ექვსი მათგანი შიმშილობს.
ჭიათურელი მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.
ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია – მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ. 7 მარტს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა.
უკვე 23 აპრილს კი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები, რომლებზე ხელის მოწერის შემთხვევაშიც გამოდიოდა, რომ დასაქმებულები დაეთანხმებოდნენ:
· კომპანიაში რეორგანიზაციის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩებოდა;
· კომპანია არ აიღებდა ყველა თანამშრომლის დასაქმების ვალდებულებას, თუმცა „გამოხატავდა მზაობას“ ვაკანტური ადგილების მოძიებაში დასახმარებლად;
· შემცირდებოდა სამუშაო საათები – ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) 8 საათამდე.
„თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას… კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები – შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი“, – განაცხადეს „მაღაროელებმა“ 24 აპრილს.
მაშინ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რეორგანიზაციის მიზანია შრომის სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რაც უშუალოდ უკავშირდება როგორც კომპანიის საკადრო პოლიტიკას, ისე საოპერაციო ხარჯების შემცირებას“.
ფორუმი
