ქართველი სპორტსმენები ვალერი იარღანაშვილი, თამაზ ბედინაძე, ვახტანგ ტაბარუკიშვილი და ზურაბ ჩაგელიშვილი რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე BRICS-ის თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ტურნირის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენებს უნდა ეასპარეზათ აზიური ხალხური ჭიდაობის სახეობა კურაშში. საქართველოს ბელბოგლი კურაშის ფედერაციის დირექტორმა გიორგი ჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „გაუგებრობა მოხდა“.
ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე მოწვევა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო. სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა თამაშებში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ინფორმაცია დააზუსტეს, მათ შორის გაიგეს, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
მანამდე ტურნირის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სამბისტების, ელენე ქებაძისა და ნინო ოძელაშვილის მონაწილეობის თაობაზე. მოგვიანებით მათ უარყვეს ინფორმაცია, რომ თითქოს ყაზანში მიემგზავრებოდნენ.
შესაბამისად, 19 ივნისის მონაცემებით, BRICS-ის თამაშებში არცერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს. 12 ივნისს კი თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დროშა გამოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. დროშების გვერდით.
რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე რამდენჯერმე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაზეც პასუხი არ მიგვიღია.
დროშასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სამბოს ფედერაციაში გვითხრეს, რომ სახელმწიფო სწავლობს ამ საკითხს:
„ვარკვევთ ამ საკითხს, სამინისტროს, ყველა ჩართულია, ვინ ვის რა შეთავაზება მისცა, რა როგორ იყო. გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად. ასეთ რაღაცაზე, მით უმეტეს საქართველოდან იქ, სადაც წართმეული და ოკუპირებული ტერიტორიების დროშებია, საუბარიც ზედმეტია“, – ამბობენ ფედერაციაში.
რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.
„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.