როგორც იცით, უეფას კონფერენს ლიგის მეორე წრეში ოთხმა ქართულმა გუნდმა იასპარეზა და სამწუხაროდ, შეჯიბრს ოთხივე გამოეთიშა. ეს მატჩები, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან, როგორც უეფას მიერ შედგენილ რეიტინგში, ასევე თამაშის დონის მხრივ ქართულ გუნდები დიდი ხანია, რაც უკან მიდიან და ამ თამაშებში შესაძლო გამარჯვებები უკეთესობისკენ მცირედი ბიძგის მომცემად ჩანდა, მაგრამ სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. მოდით, ამ ძალზედ დასანანი შეხვედრის დეტალებს გადავხედოთ…
იბერია 1999 2-3 ლევადია (0-1, 2-2 დ.დ.) – არც „პროფესორობა“ გვშველის და არც ელეგანტურობა…
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ინიციატივა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო, შეტევების ორგანიზებას თავად ცდილობდა და ეს მეტნაკლებად სახიფათოდ გამოსდიოდათ. მეექვსე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ამირან ძაგანიამ კარის მიმართულებით არაორდინალურად, ქუსლით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ჩვენებმა მცირე მომენტების შექმნა ამის მერეც განაგრძეს. ბიჭებს ბრძოლისუნარიანობას არ ვუწუნებთ და აშკარად, წინა თამაშზე მეტად საქართველოს ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს ბურთი ახლა ეჭირათ, რაც, ალბათ, საშინაო კედლებისგან და ანგარიშისგან გამოწვეულ მოტივაციას შეგვიძლია დავაბრალოთ. ბურთის ამ დოზით დაჭერისას კი ლევან კორღალიძის შეგირდები შეტევისას კრეატივის გამოყენებას ცდილობდნენ, რაც ზოგჯერ ამართლებდა, ზოგჯერ კი უბრალოდ ან უდროო იყო, ან შესრულება არ ვარგოდა, ამის ნაცვლად კი ნახსენებ კომპონენტში ჩვენებს მეტი ცივსისხლიანობა მართებდათ და არა – ტემპის შენელება.
ტაიმის შუაწელის შემდეგ უფრო გავაქტიურდით: მასპინძელთა სასარგებლოდ პოტენციური პენალტის ეპიზოდიც იყო. 37-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა ბურთის ართმევის შემდეგ იური ტაბატაძეს ეფექტური, ჰაეროვანი პასი გაუკეთა, თუმცა „იბერიას“ 7-იანმა ვარდნაში ბურთის გატანა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სამ წუთში სწორედ ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ გოშთელიანს გოლი თავური დარტყმით გააქვს.
გაგვიმართლა იმ ფაქტორში, რომ თავდაპირველად „ლევადიას“ კონტრშეტევები სახიფათო არ იყო და ვერც ჩვენს მიერ დაცვაში დაშვებულ შეცდომებს იყენებდნენ, ამის ფონზე კი საკუთარი შანსების გამოყენება უფრო მეტად გვმართებდა და პირველ ტაიმში ასეც გავაკეთეთ.
დანარჩენ წუთებში ჩვენი აქტიურობა გაგრძელდა, მაგრამ არა – პირველი 45-წუთისნაირი შედეგიანობა: მეორე ნახევრის დასაწყისში ლუკა სილაგაძემ კარგი რეიდი შემოგვთავაზა, მაგრამ მისი ოდნავ ძლიერი პასი თავისუფლად მყოფმა ამირან ძაგანიამ ვერ დაამუშავა. ცოტა ხანში სტუმრებმა შემოგვიტიეს და სამწუხაროდ, შეცვლაზე შემოსულმა კარლოს ტორესმა, „ლევადიას“ მწვრთნელის, კურო ტორესის შვილმა საჯარიმოს გარედან ანგარიში გაათანაბრა. გიორგი მაკარიძეს ამ ბურთის აღება შეეძლო და მცველებსაც, ალბათ, დარტყმის დაბლოკვა შეეძლოთ, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ სახიფათოდ, ორმაგი მონდომებითა და სიძლიერით უნდა შეგვეტია.
ასეც მოხდა და ჩვენებმა ბევრი ეპიზოდი შექმნეს: 55-ე წუთზე კოტ’დ-ივუარელი ახალწვეულის, არმელ ზოჰურისა და გიორგი ტაბატაძის გათამაშებას ზოჰურის ცუდი დარტყმა მოჰყვა; 61-ე წუთზე გოშთელიანმა კარში ახლოდან დაარტყა, მაგრამ მეტოქის მეკარემ, კარლ ანდრე ვალნერმა იყოჩაღა. აქედან მალევე ტაბატაძე რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა, მაგრამ დარტყმული მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 69-ე წუთზე ზოჰურიმ მხრით მაღალი პასი გააკეთა, ამ ქმედებას კი მსგავსი არაორდინალური დარტყმით უპასუხა იური ტაბატაძემ, მაგრამ ვალნერი ამასაც მარტივად გაუმკლავდა. დროდადრო ლევან კორღალიძე ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართავდა და შეტევაში მეტ ფეხბურთელს რთავდა.
74-ე წუთზე „იბერიას“ მოთამაშეები მათ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას ელოდნენ, რა დროსაც კინაღამ გოლი გავუშვით, მაგრამ სამწუთიან მონაკვეთში ოთხი რეალური საგოლე ეპიზოდი შევქმენით და ვერცერთი გოლით ვერ დავამთავრეთ. ბოლო მომენტში ტაბატაძემ დაახლოებით ისე დაარტყა, როგორც 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სტივ მაკმანამანმა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა…
83-ე წუთზე „იბერიას“ სამი მოთამაშე სწრაფად წავიდა წინ: იური ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან შიგნით არც ისე ზუსტი პასი გააკეთა, მერე კი იოანე სიხარულიძისა და დანიელ ქვარცხავას გაუგებრობამ მომენტი კრახით დაასრულა. „ლევადიამ“ კონტრშეტევებიც გაამწვავა, მთლიანი თამაშის ტემპიც უკვე კარგა ხანს აჩქარებულიყო, თუმცა თავიც დავიცავით და 87-ე წუთზე დიდხნიანი წვალების შემდეგ ჩვენი გავიტანეთ: იური ტაბატაძემ სტანდარტულიდან ჩააწოდა, მცველებისა და მეკარის შეცდომის შემდეგ კი ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. 90+1 წუთზე ქვარცხავამ სწრაფი შეტევისა და სილაგაძის საჯარიმოში ჩაწოდების მერე მაკრატელა სცადა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.
საბოლოოდ, თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელშიც ესტონელებმა ივარგეს და 109-ე წუთზე რობერტ კირსისგან დასანანი გოლი გავუშვით… ამ ეპიზოდის შემდეგ თითქოს გამოვფხიზლდით, მომენტები ძველებურად შევქმენით, მაგრამ არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
სამწუხაროა, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავმარცხდით. თან ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ ევროსარბიელზე მოგებები ძალიან გვჭირდება და როცა ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის გარდამტეხი პერიოდი დგას. მოდით, ახლა თვალი საქართველოს სხვა კლუბების ასპარეზობებს გადავავლოთ.
დილა 4-5 რიგა (1-2, 3-3) – მარცხი უშეღავათო ბრძოლაში
„იბერია 1999“-ის წაგების შემდეგ კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი სწორედ გორელებს გაუჩნდათ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მათაც ვერ შეძლეს.
მასპინძლებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ პირველი მომენტი მერვე წუთზე შექმნეს, როდესაც შოთა შეყილაძემ ბრუნში დაარტყა, მისი დარტყმული კი კარს გადასცდა. “დილამ” შეტევების წარმოება განაგრძო, მე-15 წუთზე კი გათამაშებული კუთხურიდან ოთარ ფარულავას ჩაწოდებულ ბურთს ჟოაუ არაუჟომ თავი იდეალურად დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. საქართველოს სუპერთასის მოქმედი ჩემპიონები შეტევისას საკმარისად სწრაფები და ასე რომ ვთქვათ, პირდაპირები იყვნენ, რაც შედეგს ყოველთვის იღებს, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ეს ცივსისხლიანობა გვაკლდებოდა…
გოლის გატანიდან მალევე კიდევ ერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ შოთა შეყილაძემ უხეიროდ დაარტყა. 21-ე წუთზე კვლავ ეს ფეხბურთელი ურტყამდა, ამჯერად ძლიერად, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დაიმორჩილა. 31-ე წუთზე დეო ბასინგას ოთარ ფარულავა მეტოქის საჯარიმოში ბურთს უბრუნებდა, მცირე გაუგებრობის შემდეგ კი კონგოელმა მაინც დაარტყა, ოღონდ “რიგას” მცველმა კარში სუსტად გაშვებული ბურთი დაბლოკა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ერთი ეპიზოდიც შევქმენით: თედო კიკაბიძის პასის შემდეგ სირილ ედუძი საჯარიმოში შემოვიდა, მისი დარტყმული დაიბლოკა, არეულობაში ბურთი ოთარ ფარულავას მიუვიდა და დაარტყა, ოღონდ, არაზუსტად…
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ორმოც წუთში “რიგა” რიგ კომპონენტებში უსახურად გამოიუყურებოდა, მაგრამ მათ მწვავე კონტრშეტევებზეც ორი სიტყვა უნდა დაიწეროს: 24-ე წუთზე გაშვებული გოლს ძლივს გადავურჩით, რადგან მეტოქის შემტევმა ბურთს ფეხი ვერ დაუხვედრა. ორმოცი წუთის მერე ჩვენებს დაცვაში მცირე ხარვეზები ჰქონდათ, საკუთარ ნახევარზეც არასაჭირო სიტუაციაში არაერთხელ დაჯარიმდნენ, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი ჯერ კინაღამ კუთხურიდან გოლი გავუშვით, შემდეგ კი ოთარ ფარულავას საჯარიმოში ბურთზე თამაში სურდა, მაგრამ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რეჟინალდო რამირესმა კი გოლი გასახდელში გაგვიტანა…
მეორე ნახევარი უფრო მეტი უხეშობით, დაძაბულობით და ამავდროულად, სახიფათო ეპიზოდებითა თუ გოლებით გამოირჩა. 49-ე წუთზე ჯარიმა დავარტყით, მაგრამ მეკარე ზვიედრისმა ბურთი მოიგერია, აქედან სამ წუთში კი საჯარიმოს წინ ფარულავამ შეყილაძეს უპასა, იმან კი მარცხენა ფლანგიდან ბურთი ედუძის გადააწოდა. მისი ნასროლი ხარიხას მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ბედად შანსი დეო ბასინგას მიეცა, მანაც ერთი შეხებით ანგარიში 2-1 გახდა.
მეორე ბურთის გაშვების შემდეგ ლატვიური გუნდი ბევრად გააქტიურდა. 59-ე წუთზე მათ შემოგვიტიეს და გათამაშებათა შემდგომ აუგუსტომ კარში დაგვირტყა, თუმცა დავით კერესელიძემ იყოჩაღა. მიუხედავად ამისა, 65-ე წუთზე სტუმრების მხრიდან მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა და ამ მომენტში შედარებით მოდუნებულმა მოთამაშეებმა გოლი მაინც გაუშვეს, ამ გოლის ავტორი კი ცენტრალური მცველი ბაბა მუსა გახლდათ.
საბედნიეროდ, 81-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევა განვავითარეთ და ტრავმირებული გრიგოლ ჩაბრაძის ნაცვლად შემოსულმა თედო კიკაბიძემ საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო გოლი ასევე სათადარიგოდან შემოსულმა განელმა ბლენკსონ ანოფმა თავით გაიტანა. “დილა” უკვე მესამედ გავიდა წინ, მაგრამ ეს ყველაფრის ძირითად დროში დასამთავრებლად საკმარისი არ იყო. გატანილი გოლიდან მალევე ძალზედ სახიფათო კონტრშეტევა ისევ კერესელიძის წყალობით მოვიგერიეთ.
ძირითადი დროის კომპენსირებული წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 96-ე წუთზე სტანდარტულიდან ანტონის ცერნომორდისმა კერესელიძის კარის ბადე შეარხია. ლატვიელები ხარობდნენ, თან, დროს იყვანდნენ, რის გამოც მასპინძლებს ნერვები მოეშალათ, ამან კი, რა თქმა უნდა, ჩვენს წისქვილზე წყალი საერთოდ ვერ დაასხა. გორელებს შეტევისთვის ორი-სამი წუთი მაინც დარჩათ, მაგრამ გამარჯვება სტუმრებმა იზეიმეს…
სპაერი 0-7 აუსტრია (0-2, 0-5) – გოლებით დანაღმული კარი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულმა “სპაერმა” პირველ შეხვედრაში მისთვის მძლავრ ვენის “აუსტრიას” დიდი წინააღმდეგობა გაუწია – მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და უკანა ხაზმა არაერთხელ მოულოდნელად კარგი თამაში შემოგვთავაზა.
დღეს მატჩის დაწყებიდან 40 წუთი დაახლოებით ასე მიდიოდა, მაგრამ “აუსტრიამ” არც აცივა, არც აცხელა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებში 3 გოლი გაგვიტანა, ხოლო თამაშის ბოლოს ტაბლოზე 0-5 დაფიქსირდა. გერმანელმა მაურის მალონემ დუბლი შეასრულა, მისმა თანამემულე იოჰანეს ეგშტაინმა ერთი გოლი გაიტანა, თითო-თითო გოლი კი ხორვატმა ტიმ პლავოტიჩმა და ავსტრიელმა დომინიკ ფიცმა მიითვალეს.
“სპაერს” “აუსტრიას” წინააღმდეგ ბევრი არც მოეთხოვებოდა. ჯერ ეს ერთი, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდია და მეორეც, თასის მოგება სანახაობრივ ფინალში მოახერხეს, ეს კი ხშირად არ ხდება და თუ ეროვნული ლიგა 2-ის ამჟამინდელ მდგომარეობას ჩავხედავთ, “სპაერს” ყველაფერი წინ აქვს.
ტორპედო 0-5 ომონია (0-1, 0-4) – თავს ზემოთ ძალა არ არის…
ქუთაისური გუნდის მოთამაშეებმა ნიქოზიაში საოცარი ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს და მინიმალური სხვაობა შეინარჩუნეს. ახლა კი “ტორპედოს” წარმატების მისაღწევ გზაზე დამხმარედ მშობლიური ქომაგი და რამაზ შენგელიას სახელობის არენა გამოუჩნდა, რაც მეტ პასუხისმგებლობასა და დამატებით მოტივაციას ნიშნავდა.
პირველივე წუთებში გავაქტიურდით: წინა თამაშების გმირის, ოთო გოშაძის მაღალ პასი ვარლეიმ იდეალურად დაამუშავა, სწრაფი რეიდის შემდეგ კი სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა. მამუჩაშვილმა რამდენიმე წუთში ჯარიმიდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, დამატებაზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა ივარგა, ოღონდ, მისი ძლიერი დარტყმა ფაბიანომ გაანეიტრალა. ამის მერე ჰენინგ ბერგის შეგირდები მოსალოდნელ უპირატესობას დაეუფლნენ, დირკ შუსტერის ბიჭებს კი გარჯა მეტწილად დაცვაში უწევდათ.
უნდა აღვნიშნო მატეო ითრაქის მიერ შესრულებული შავი სამუშაო და აგრეთვე, მისი მონდომება. მან 23-ე წუთზე კარისკენ ბურთი შორიდან გაუშვა, მაგრამ ააცილა. წყლის შესვენებამდე ერთი რამდენიმეფაზიანი შეტევაც ავაგეთ, სადაც “ტორპედოს” მოთამაშეების გონებრივი და ფიზიკური სისწრაფე, ფეთქებადობა და შეტევითი პოტენციალი ნათლად გამოჩნდა. სამწუხაროდ, ეს ვერ გამოვიყენეთ და ნახევარი საათის გასვლისთანავე ჩვენი ცენტრალური მცველების უყურადღებობის შედეგად შტეფან იოვეტიჩმა ჩვენი კარის აღება ქუთაისშიც მოახერხა.
გაშვებული გოლის მიუხედავად, აღვნიშნავ, რომ “ომონიას” წინააღმდეგ გუშინდელი თამაშის პირველ ტაიმში “ცალკარა” სულაც არ გვინახავს. მეტიც, “ტორპედომ” ბურთი რამდენიმე წუთით დაიჭირა და დროდადრო ჩაწოდებებსა და დარტყმებს, მეტწილად, არაზუსტს, მაგრამ გვთავაზობდა…
სამწუხაროდ, მეორე ნახევრის დასაწყისში “ომონიას” მოთამაშის გამჭოლი პასის შემდეგ კაბო-ვერდელმა ვილი სემედუმ ორი მატჩის ჯამში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, ამან ქუთაისური გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა და ჩვენი იმედებიც ნელ-ნელა საბოლოოდ გადაიწურა… “ტორპედომ” მალე შეუტია, მაგრამ მასპინძლებმა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენეს: იყო იონსენის თავური, ნორვეგიელის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა, ბიძინაშვილის გასროლა, გამწვავებები, მაგრამ ამაოდ. 63-ე წუთზე შტეფან იოვეტიჩმა დუბლი შეგვისრულა, აქედან თხუთმეტ წუთში კი სემედუმაც ამის გაკეთება შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნამდვილად დასანანია, რომ დაცვის ერთი შეხედვით მარტივი შეცდომების გამო დავისაჯეთ, როდესაც ბევრ შემთხვევაში უკანა ხაზმა მართლაც ივარგა. ერთი დადებითი კიდევ ის შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის “ტორპედოს” პროექტი პროგრესს განიცდის და სამომავლოდ, არაა გამორიცხული, რომ მათი სახით ბევრად ძლიერი გუნდი ვიხილოთ.
ახლა კი თვალი სამწუხარო რეალობას უნდა გავუსწოროთ: 2027/2028 წლების სეზონისთვის იმის დიდი შანსი არსებობს, რომ საქართველოს ევროტურნირებზე ოთხის ნაცვლად, მხოლოდ სამი გუნდის გამოყვანის უფლება მიეცეს, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას კიდევ უფრო შეაფერხებს. მეორე მხრივ, ამ სიტუაციის რეალობაში მოყვანის შემთხვევაში, ქართულ კლუბებს უკან დასახევი გზა ჩაეხერგებათ, ოღონდ, “ძლევაი საკვირველის” მოხდენის შანსი, ალბათ, არ გაიზრდება. თუ რაშია პრობლემა და რატომაა ქართული საკლუბო ფეხბურთი ამ დღეში, ამაზე არაერთი ბევრად კომპეტენტური და ხსენებულ სფეროში ჩახედული ადამიანი საუბრობს. მეტიც, ეს ცალკე სტატიის თემაა, თუმცა საბოლოო ხელის ჩაქნევა კარგს არაფერს მოგვიტანს. მესმის, გულშემატკივრისთვის ამდენი იმედგაცრუებისა და უსახური გამოსვლების მიღება რთულია და არც უნდა მივიღოთ, მაგრამ ცხელ გულზე ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისადმი “გასროლილი” ლანძღვა-გინება კარგს მაინც არაფერს მოგვიტანს. ასე რომ, ისევ ჩვენთვის და ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი, თუ გულშემატკივრობას გავაგრძელებთ და ხელს არ ჩავიქნევთ!
· q ვიხილეთ ერთი რამ ქვეყანა არის ქაქში და უბედურება ისაა საზოგადოება რო ვერ ხვდება ამას და სწორ ანალიზს ვერ აკეთებს. ქვყეანაში არის ტოტალური მორალური და ზნეობრივი დეგრადაცია. როდესაც სახლი წივება – ქვეყანა და მისის მოსახლეობა ცდილობს მასზე ხელის მოთბობას. ეს არის კოტასტროფა. პირველ რიგში თავად საზოგადოებაა ამორალურობის პიკზე. ერი რომელიც იმ დონეზე მივა არჩევნებზე საკუთარ ხმას 50 ლარზე ყიდის. არ აქვს მნიშვნელობა ვიგენ იღებს ოპოზიცია თუ პოზიცია. ეს არის სრული კრახი მორალის. ზუსტად ამას ნიშნავს – ხედავენ როგორ იწვის ქვეყანა და ხელს ითბობენ ეს 50 ლარი მაინც შემრჩესო. აი ეს დეგრადაციაა გამოსახული ქართულ ფეხბურთში როდესაც 4-0 აგებ და კარში არ დაგრიტყამს, არათუ კარში, სირბილიც გეზარება ხო უნდა მიხვდეტ რო ამ მოთამაშეების მიზანი მხოლოდ ფულია. და ამ ფულის შოვნა საკუთარი გუნდის მარცხით.
[VIDEO] 0:4 ქუთაისში – ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] “დილა” “რიგასთან” დამატებით დროსთან ახლოს იყო – 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] “სპაერი” “აუსტრიასთან” განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე “ლევადიასთან” – “იბერია 1999” კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
[VIDEO] “სპაერი” “აუსტრიასთან” განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
[VIDEO] “სპაერი” ვენაში “აუსტრიასთან” 0:2 დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? – დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს – წაგებით დავიწყეთ…
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
