ოთარ შამუგია – 2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი

2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
„ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი. ჩვენი გათვლებით, მას შემდეგ, რაც გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროგრამის შედეგები უკვე აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოცვი, რომელიც ბოლო წლებში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა. გასულ წელს მისი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე და მომავალ წლებში კი ველოდებით ამ მაჩვენებლების კიდევ მეტად ზრდას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, 46 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, რომლის მეშვეობით ფერმერებს და მეწარმეებს იაფ ფულად სახსრებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ; სახელმწიფოს მხრიდან საპროცენტო განაკვეთი წლიური 11 პროცენტის ფარგლებშია. საფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 6 მლრდ ლარზე მეტი სესხი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცემული თანადაფინანსება 900 მლნ ლარს აღემატება.
„გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამის ფარგლებში დღემდე დაფინანსებულია 257 საწარმო, საიდანაც 176 უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 250 მილიონ ლარამდე ღირებულების პროდუქცია. შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 100 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას. სამივე ეს პროგრამა გრძელდება და 2024 წლის ბიუჯეტით მათ დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?