ოთარ შამუგია შაქრის იმპორტის გადასახადის დაწესების მიზეზებს განმარტავს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და “აგარის შაქარში დასაქმებული 500-მდე ადამიანია. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის დღეიდან, შაქრის იმპორტიორ კომპანიებს, ქვეყანაში შაქრის შემოტანისას, საიმპორტო ბაჟის გადახდა მოუწევთ. დროებითი გადასახადის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო და ის 2024 წლის პირველ ივლისამდე იქნება ძალაში. მაცნეზე მთავრობის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ BM.GE-მ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა პასუხის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროსთან გადაგვამისამართა. გადაწყვეტილება ძალაში დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ ამოქმედდა, ოთარ შამუგია კი პირველი მინისტრი იყო, რომელმაც BM.GE-ს კითხვას – რატომ მიიღო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება, უპასუხა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აქტიურად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა, თუმცა თავადაც პროცესების საქმის კურსში იყო.
“მთავარი წინაპირობა ამ გადაწყვეტილებისთვის შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო, პირველ რიგში ადგილობრივი წარმოება და ის 500 დასაქმებული, რომელიც კონკრეტულ საწარმოში არის. ეს არის საწარმოს მუშაობისთვის ხელშეწყობა, ვინაიდან დღეს ბაზარზე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ საწარმო გაჩერების პირას დადგა.
ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კონკურენტული პირობების შესაქმნელად შესაბამისი პირობები განახორციელა და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო. მსგავსი მექანიზმი შემოვიღეთ ფქვილზეც”, – თქვა შამუგიამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ასეთი კომპანია ერთია – “აგარის შაქარი”, მინისტრმა უპასუხა, რომ იქ 500 ადამიანია დასაქმებული.
“დღეს არანაირი წინაპირობა არ არის იმისთვის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს. ამ საკითხების განხილვებში დეტალურად არ ვყოფილვარ ჩართული, თუმცა გადაწყვეტილების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ შაქრის ფასზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო ბაზარზე. შევხედოთ პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა შამუგიამ.