ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა – საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა. კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან.
მედიის ცნობით, წითელ მოედანზე, პუტინის აღლუმზე მისვლამდე, ფიფია თბილისში იყო ჩამოსული საგანგებო მისიით. ოთარ ფარცხალაძის თანამოაზრემ და ახლო გარემოცვის წევრმა, ქართული ოცნების ის მხარდამჭერები შეკრიბა, ვინც პრორუსულ განცხადებებს ღიად აკეთებს.
შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ლიდერის, კახი კალაძის სიძე – პაატა აბულაძე, “ოცნების” ე.წ. დეპუტატის, ილია ინჯიას მამა – ფრიდონ ინჯია, ირაკლი კობახიძის დამცველი -ნანა კაკაბაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ.
სასტუმრო “ამბასადორში” ფორმალური მსჯელობის შემდეგ თქვეს, რომ მთელს საქართველოში იწყება ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც საშუალებას მისცეს “ქართულ ოცნებას” ალიბი შეუქმნა და “ხალხის სახელით თქვას”, რომ პუტინთან ოფიციალური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა.
ქვეყნის უსაფრთხოების ახალი უფროსი, ანრი ოხანაშვილი, კომენტარს არ აკეთებს.
