ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ოთარ ფარცხალაძეს 29 დეკემბერს მკვლელობის ანგარებით ორგანიზებაში წარუდგინეს ბრალი და სასამართლოდ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ფარცხალაძეს გამოძიება ადანაშაულებს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ „ობიექტური სასამართლოს პირობებში უდანაშაულობას დაამტკიცებს“.
ფარცხალაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული შეკვეთით მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, არათუ პატიმრობა, რამდენადაც საქმეში მხოლოდ „ირიბი მტკიცებულებებია“ წარმოდგენილი.
ოთარ (რომანოვ) ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა. ის აშშ-მა 2023 წელს დაასანქცირა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება.
„საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ის ამჟამად იმყოფება რუსეთში, 2025 წლის ივნისში დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე. რაც შეეხება საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას, სადაც უკვე გაჩნდა ფიგურანტად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იყო აგვისტოს თვიდან“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
პროკურორის თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ არსებობს აუდიოჩანაწერებიცა და მოწმეთა ჩვენებებიც.
ჯანგველაძის მკვლელობაზე, როგორც უშუალო შემსრულებელი, მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე საქმეზე ცალკე სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, სანდრო წივწივაძე. დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.




