დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც უძღვება, მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქვეყნის გადატრიალების მცდელობამ საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან დიდი პოლარიზაცია და მტრობის ბზარი გააჩინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“.
„ჩვენ გადავიარეთ ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. ეს იყო ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი მცდელობა. ყველა იმ დრამატურგიისა და სცენარის შესაბამისი, რაც აქამდე გვინახავს სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამის შეფასება ადეკვატურად არ მომხდარა სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი შეფასებებიც გვექნება. თავიდანვე განწირული იყო ეს მცდელობა დამარცხებისთვის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ ისაა, რომ ამ მცდელობებმა საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან დიდი პოლარიზაცია და მტრობის ბზარი გააჩინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის თავისი მოღვაწეობის ბოლო წელს, აბსოლუტურად არალეგიტიმური ადამიანი იყო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის აირჩიეს, აირჩიეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკის და მიზნებისთვის. რასაც აკეთებდა ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ისინი, ვინც ახლა მხარს უჭერენ, საქართველოს ბოლო პრეზიდენტი არ აურჩევიათ.
თავს ვიკავებდი ხოლმე, ბოლო პერიოდში, ჩემი, ალბათ, სიჯიუტიდან გამომდინარე, მაგრამ ყველას ჩვენი როლი გვაქვს ნათამაშები ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოსვლაში. თუმცა, დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც დღეს უძღვება, მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზე ორიენტირებულია. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ქვეყნის დასანქცირებას, მიღწეული შედეგების გაუქმებასა და ზოგადად, ქვეყნის აბსოლუტურად დაზიანებას ითხოვს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
