“ოზემპიკისა” და “ვეგოვის” მწარმოებელმა 2023 წელს დანიის ეკონომიკა რეცესიისგან იხსნა

ბოლო დროს პრეპარატ “ვეგოვიზე” გაზრდილი მოთხოვნის წყალობით დანიის ეკონომიკამ წინა წელს რეცესიის თავიდან არიდება შეძლო, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ძირითადად აღნიშნული მედიკამენტის მწარმოებელმა კომპანიამ Novo Nordisk-მა განაპირობა.
ოფიციალური მონაცემებით, დანიის 2023 წლის 1.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ქვეყნის ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ განაპირობა, რომელშიც მთავარი მოთამაშე Novo Nordisk-ია. აღნიშნული კომპანია რომ არა, ამავე წელს დანიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდებოდა.
პრეპარატ “ვეგოვის” წარმატებით კომპანია ევროპის ყველაზე ღირებულ კომპანიად იქცა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $600 მილიარდზე მეტი შეადგინა. შედეგად, კომპანიამ მსოფლიოში სიდიდით მე-12 ადგილი დაიკავა.
“Novo Nordisk-ის შემოსავლებისა და წარმოების განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებელი წონის კლების პრეპარატმა განაპირობა”. – ამბობს Danske Banke-ის მთავარი ეკონომისტი, ლას ოლსენი. მისი თქმით, “მსოფლიოში ხსენებულ პრეპარატებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა”.
“მოსალოდნელია, რომ [ეკონომიკური] ზრდა გაგრძელდება, რადგან “ვეგოვიზე” მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანია ფლობს პატენტს, რომელიც, სულ მცირე, კიდევ რვა წლის განმავლობაში ექნება”. – თქვა ოლსენმა.
2023 წელს დანიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირში არსებულ საშუალო მონაცემებს აღემატებოდა და საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო. ზე უკეთესი მაჩვენებელი ესპანეთმა და -მ აჩვენა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მხრივ მსოფლიოში მოწინავე ქვეყნები იყვნენ.
ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) მედიკამენტი “ოზემპიკი” მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატად 2017 წელს დაამტკიცა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ FDA-ს “ოზემპიკი” სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად არ ჰქონდა დამტკიცებული, პრეპარატი დანიშნულების გარეშე ამ მიზნით მაინც გამოიყენებოდა.
მოგვიანებით, 2021 წელს, FDA-იმ სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად პრეპარატი “ვეგოვი” დაამტკიცა. ორივე პრეპარატი ერთსა და იმავე აქტიურ ინგრედიენტს, სემაგლუტიდს, შეიცავს.