“ოზაანი” გაფართოებას გეგმავს – როგორია საქართველოში სატაცურზე მოთხოვნა?

სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „ოზაანის” ხელმძღვანელის, ჯაბა გიგოლაშვილის ინფორმაციით, სატაცურზე ფასი ყოველწლიურად მცირდება, რაც გაზრდილი ადგილობრივი წარმოებითაა განპირობებული. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „ოზაანი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. პლანტაციები კი კახეთში, რამდენიმე ლოკაციაზე აქვს გაშენებული.
გიგოლაშვილის ცნობით, მათ მეურნეობაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, თუმცა გაზრდილი ადგილობრივი წარმოებიდან გამომდინარე, მისი საბაზრო ღირებულება სულ უფრო მცირდება.
„ყოველწლიურად 0,5-1 ჰექტარით ვიზრდებით. მომავალ წელს, გაზაფხულისთვის კიდევ 2 ჰა-მდე ზრდას ვგეგმავთ. ინვესტიცია დაახლოებით 40 000 ლარი იქნება. დარგვიდან საშუალო მოსავლიანობამდე მისასვლელად, შედეგი 3-4 წელიწადში დგება.
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი 10 ჰა-მდე ზრდაა, რათა ექსპორტზე გასვლა შევძლოთ. გვქონდა ამ კუთხით შემოთავაზებები, თუმცა წარმადობის სიმცირის გამო ვერ შევძელით. ექსპორტზე თუ გავიდოდით, მაშინ აქ რეალიზაცია უნდა შეგვეჩერებინა. მე კი ეს არ მინდოდა, რადგან ბაზარზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და პროდუქცია დეფიციტური გახდებოდა. სატაცურის ფასი ყოველწლიურად მცირდება, რადგან სხვა ფერმერულმა მეურნეობებმაც დაიწყეს ამ პროდუქტის გაშენება. საქართველოში სატაცურის საბითუმო ღირებულება 10-12 ლარამდეა, ხოლო საცალო ბაზარზე მისი ფასი 20 ლარამდე აღწევს”, – ამბობს კოოპერატივის ხელმძღვანელი.
როგორც ის ამბობს, არსებული მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამ ბიზნესმა გაამართლა.
“პროდუქციის საწარმოებლად, სესხებს ვიყენებთ. მოვლის პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან უნდა დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ დაავადებები და სარეველები თავიდან ავირიდოთ. აქამდე არ იყო დაავადებები, თუმცა ამ სეზონზე უკვე გამოჩნდა. ასევე, შესაწამლი საშუალებები საქართველოში არ იშოვება და იმპორტი გვიწევს, რაც წარმოებას გვიჭიანურებს. ზოგჯერ, წამალი დროულად არ ჩამოდის და მოსავალი გვიფუჭდება”, – განაცხადა მან.
სატაცურის მოსავლის აღება ორი თვის განმავლობაში გრძელდება, დაახლოებით აპრილი-მაისის თვეები. კოოპერატივი „ოზაანი“ დღეში, საშუალოდ 15-მდე ადამიანს ასაქმებს. თუმცა როგორც ჯაბა გიგოლაშვილი ამბობს, წელს მუშახელის მოძიება საკმაოდ გაუჭირდათ.
რაც შეეხება რეალიზაციას, კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტი ძირითადად სუპერმარკეტებში იყიდება. კერძოდ “ნიკორაში”, “კარფურსა” და სხვა ობიექტებში.
ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს 24.2 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა სატაცური იყიდა. მთავარი იმპორტიორი ბაზარია ნიდერლანდებია, სადაც ქვეყანამ 17.2 ათასი დოლარის, 1.6 ტონა სატაცური შეიძინა.