შეიძლება, რობერტ ფიცოსაც ვიღაცამ დაურეკა და ალბათ, იქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იყო, მაგრამ რა შედეგი დადგა? კაცი მოკლეს, უბრალოდ გადარჩა. ჩემო ძვირფასო, ყველაფერი ასე იწყება. გაზეთში რომ ტყუილს დაწერენ და ტელევიზიაში ადამიანზე სისაძაგლეს იტყვიან, ეს სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს, თუმცა იმ სისაძაგლის მოტივით ამ პირს ვინმე რომ გაიმეტებს, ეს უკვე კატასტროფაა. თქვენი ტელევიზიები რასაც აკეთებენ, სოცდეკების 2 გაზეთი იგივეს აკეთებდა. და მაგალითად, ილია ჭავჭავაძეზე წერდნენ, რომ გლეხებს დოქით წყალს ასხამს, ზამთარში წყალს არ აძლევსო და ა.შ. კარგად დაიმახსოვრეთ, ილია ჭავჭავაძე გიგლა ბერბიჭაშვილს არ მოუკლავს, მაშინდელმა თქვენნაირმა მედიებმა მოკლეს.
უთხრა ფორმულას ჟურნალისტს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.
ოდიშარიას ჟურნალისტმა კითხვა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა. ლილუაშვილმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაში გამოძიების დასაწყებად საკმარისი სისხლის სამართლებრივი ნიშნები არ იყო.
23 მაისს კობახიძემ თქვა, რომ მასთან საუბარში “ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.
იმავე საღამოს, უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა. ვარჰეის თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.