ოპოზიციურ მედიაში ჩვეულ, მანიპულაციურ სტილში აიტაცეს კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი მედიის წარმომადგენლების საკითხი. აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი.
ეს ნაწილი, რასაკვირველია, ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია, კინოცენტრი ზრუნავს, რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე.
დღეს აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილი-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილე ადამიანების სია, არც ის დროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქსები და სტროპტიზ ბარებში გულაობები რომ ფინანსდებოდა, არც პოპულარული სერიალები ცენზურდება, როგორც ეს “ცხელი ძაღლის” შემთხვევაში მოხდა, არც სტუდიები იხურება და მასალები უნადგურდება, როგორც ეს სტუდია “რაკურსის” შემთხვევაში მოხდა, არც ახალგაზრდა რეჟისორებს უშლიან გადაღებულ მასალებს და ატარებენ განყოფილებებში 2008 წლის ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღების გამო, როგორც ეს ედმონდ მინაშვილს გაუკეთეს.
ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა. კინოცენტრის სტენდზე რასაკვირველია ოპოზიციური მედია პოზიტიურ ჭრილში არაფერს ისაუბრებს, მაგრამ ისაუბრებენ მამუკა ხაზარაძის ფონდით დაფინანსებულ ბერლინალეს სტენდზე, რომელთანაც “კრიტიკული კითხვები” არ გაჩნდება, მაშინ, როდესაც, ღიად წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს საქმე.
წერს კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია პუბლიკის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.