ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ვეტინგის სისტემა “მავნებლურია და ის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის”.
“არანაირი ვეტინგი არ იქნება, ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და უხეშად აპირებს, რომ ჩაერიოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში.
ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება თუ შესამოწმებელია, ამისთვის არსებობს საქართველოში საზოგადოება, არსებობს პროფესიული, აკადემიური წრეები და არავის საქმე არ არის სუვერენულ სახელმწიფოში, მის შტოში, პროცესებში ხელის ფათური”, – ამბობს ოდიშარია.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება – ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.