ორშაბათს, 18 ნოემბერს, უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა და ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა.
დაჭრილთა შორის ოთხი ბავშვია, ხოლო სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, თქვა კიპერმა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამზე” დაწერა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტა დასახლებულ უბანში ჩამოვარდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, უნივერსიტეტის შენობა და ადმინისტრაციული შენობა.
“ეს არ არის შემთხვევითი დარტყმები – ეს არის საჩვენებელი დარტყმები. პუტინთან ზარების და შეხვედრების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცრუ ჭორები, თითქოსდა თავშეკავების შესახებ, რუსეთი აჩვენებს იმას, რაც მას რეალურად აინტერესებს – მხოლოდ ომი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაიღუპა შვიდი პოლიციელი, მედიკოსი და ორი ადგილობრივი მცხოვრები. ასევე, დაჭრილთა შორის 14 პოლიციელია.
კვირას, 17 ნოემბერს, რუსეთმა, ღამით, უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, თითქმის სამი თვის განმავლობაში. შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო დაზიანდა უკვე დაზიანებული ენერგოსისტემა.
მოგვიანებით, რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა სუმის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და დაშავდა 89 მოაქალაქე.