ბოლო ორი ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ ოდესაზე ზედიზედ მეორე საავიაციო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული ხელისუფლება და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინებიან.
სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა 50 კვადრატულ მეტრს მიაღწია. მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი პენსიონერი და ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც ნანგრევების ქვეშ რამდენიმე საათი გაატარეს და დამწვრობა და მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
უკრაინის არმიის სამხრეთ დაჯგუფების სარდლობის ცნობით, 23 თებერვალს, ოდესაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
24 თებერვლის ღამეს რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო თვითმფრინავით, ორი “ისკანდერ-მ”-ის ბალისტიკური და სამი X-59 მართვადი საავიაციო რაკეტით დაესხა თავს. უკრაინის სამხედრო საჰგანადგურების აეროძალებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და ორი თვითმფრინავის რაკეტა. “ისკანდერების” შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი.
ცოტა ხნის წინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტია, უკრაინის ქალაქ ოდესას „რუსული ქალაქი“ უწოდა.
„ოდესაზე უბრალოდ, შემიძლია ვთქვა: ოდესა სახლში დაბრუნდი! და მორჩა! დიდი ხანია ოდესას რუსეთის ფედერაციაში ველოდებით“, – განაცხადა მედვედევმა. მან ისიც თქვა, რომ რაღაც დროის შემდეგ, „კონფლიქტის განვითარების რაღაც სხვა ფაზაში“ კიევიც უნდა აიღონ „ორი მიზეზით“ – კიევი „რუსული ქალაქია“ და იქიდან „რუსეთის ფედერაციის არსებობას ემუქრება ინტერნაციონალური საფრთხე“, რადგან კიევს მართავს „რუსეთის მეტოქეების ინტერნაციონალური ბრიგადა აშშ-ის ხელმძღვანელობით“.
· ზუსტად 2 წლის წინ რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.